კახა კალაძე - ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი. ამით კალაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება.
„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი.
მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი“, – აღნიშნავს კახა კალაძე სოციალურ ქსელში მიმართვისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.