თეგებით ძიება

მთავრობამ 2.35 მილიარდი ლარი კომერციულ ბანკებში ვადიან დეპოზიტზე განათავსა

საქართველოს მთავრობამ 2.35 მილიარდი ლარი ქართული კომერციული ბანკების ვადიან დეპოზიტებში განათავსა. ამის შესახებ 2021 წლის იანვრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ნაშთს წარმოადგენს.

"სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2021 წლის 1 თებერვლისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 2 213 148.2 ათასი ლარი; აქედან: თავისუფალი ნაშთი 2 212 399.2 ათასი ლარი; ფულადი სახსრები საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად („დაცული ტერიტორიების განვითარება“) – 748.9 ათასი ლარი.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილების ,,სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ’’, თანახმად, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან, 2 350 000.00 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით," - ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ 2.35 მილიარდის გარდა, კომერციულ ბანკებში კიდევ 594 მილიონი ლარია განთავსებული, რაც სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებულ თანხას წარმოადგენს.

"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845–ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრებიდან, 594 298.0 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით," - ნათქვამია ბიუჯეტის ანგარიშში.

დოკუმენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რომელი ბანკების ანგარიშებზე არის განთავსებული ეს თანხები და რა სარგებელი ერიცხება მათ. მითითებული არაა არც დეპოზიტის ვადიანობა, თუმცა მაღალი ალბათობით ამ ფინანსური რესურსის ათვისება წელს მოხდება.

ბიუჯეტის ნაშთი ძირითადად მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო კრედიტების მიერ არის ფორმირებული. 2020 წელს მთავრობამ შიდა და საგარეო ვალის სახით, ჯამში, 7.28 მილიარდი ლარი მოიზიდა. წელს ვალი დამატებით 5 მილიარდი ლარით გაიზრდება.


bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა