ირაკლი ღარიბაშვილი - იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას
იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, ჩვენი მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მინდა განვაცხადო, რომ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღვანდელი შეხვედრა საკმაოდ კონსტურქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ იმ საკითხებსა და განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება. ასევე თითოეული მონაწილისგან მოვისმინეთ მათ მიერ დასმული შეკითხვები და მე, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხები.
ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და რა თქმა უნდა, შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით, ამის თაობაზე საზოგადოებასაც ვაცნობებთ.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია და რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ჩვენ ყველამ ერთად - ოპოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა ვიპოვოთ ისეთი ეროვნული იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხსა და ერს გააერთიანებს. ეს არის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება - საერთო ეროვნული კონსენსუსი და თანხმობა, რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა გვქონდეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მთავარი რაც მოსახლეობას აწუხებს, ეს არის ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, კოვიდოპანდემია და სწორედ ამ საკითხებზე არის საჭირო კონცენტრირება და გაერთიანება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას დ ჩვენ, ჩვენი მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.