ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ - პრემიერ-მინისტრი
ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ, ვგულისხმობ პიკეტირების მცდელობას, რაც არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის ქმედებები ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა, თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.
„მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს ჩვენი გუშინდელი შეხვედრის. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა შარლ მიშელის ინიციატივით, მის მიერ იყო ინიცირებული. მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს, ვგულისხმობ პიკეტირების მცდელობას, რაც არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტების თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.