მთავარი, რის გამოც პარლამენტში შევედით, მიღწეულია - ლევან იოსელიანი
პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დარეგისტრირებას ეხმაურება და ამბობს, რომ მთავარი მიზანი, რის გამოც ის და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევიდნენ, მიღწეულია.
"ახლა გინდ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, გინდ 2024 წელს ვადამდელის გარეშე, ერთი რამ მეცოდინება, ეს არჩევნები იმ პრინციპით ჩატარდება, რომელიც ყველა პარტიას, ყველა საარჩევნო სუბიექტს სამართლიან და თანასწორ გარემოს შეუქმნის სულ მცირე არჩევნების დღეს. და ამით ჩემ თავთან ვიქნები მართალი, რომ უფრო გრძელვადიანი და საშვილიშვილო მნიშვნელობის საკითხი პოლიტიკურ კრიზისს არ გადავაყოლე. გავითვალისწინეთ ეუთო ოდირის რეკომენდაციები და ამ ყველაფერს საკანონმდებლო ინიციატივის სახე მივეცით", - წერს იოსელიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.