თეგებით ძიება

ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია და ამაზე მმართველ გუნდში განსხვავებული აზრი არავის აქვს - ირაკლი ზარქუა

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და კონსენსუსი შეიძლება მიღწეული იყოს საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის ბარიერის დაწევაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პატარა პარტიების ინტერესებია, რათა საარჩევნო ბარიერი დაიწიოს.

„ვისთან შეიძლება კონსენსუსის მიღწევა? – ვინც დღევანდელ აქციას გაემიჯნა. მიმიხვდით, ხომ, ვის ვგულისხმობ? – თუ არ ვცდები, „ლელო“ გაემიჯნა და სწორი პასუხისმგებლობაა. ასევე, „გირჩი“ გაემიჯნა. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, პატარა პარტიების ინტერესებია, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია, რომ 5 პროცენტიანი დარჩეს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, თუმცა, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა რევოლუციური სცენარი. ჩვენ ველოდებით ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ხვალინდელი დღე არა რევოლუციურ სცენარზე, არამედ დიალოგზე და შეჯერებულ ვარიანტზე გადის. 113 ხმა მიიღწევა მთლიანად, რომ გამოაკლო „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მათ შორისაც არიან ადამიანები, ვინც რევოლუციურ სცენარს არ ემხრობიან“, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია და ამაზე მმართველ გუნდში განსხვავებული აზრი არავის აქვს.

„დიალოგს რომ ალტერნატივა არ აქვს, ყველანი დეკლარირებულად ვამბობთ. იმ მცირე ნაწილს, რომელიც გაკოტრებულია, მათ შორის, თავისივე ამომრჩევლის თვალში, დასახული აქვთ რევოლუციური სცენარი, პიკეტირება, ქაოსი, გადაკეტვა, ძახილი, ამათ თუ გონიათ, რომ სააკაშვილის დაკვეთას აღასრულებენ რევოლუციური სცენარის, გამორიცხულია, დაიღლებიან, ის თანხაც გაუთავდებათ, სადამდე უნდა იყვნენ ასე. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. მზად ვართ, დიალოგისთვის და შეთავაზება რომ საარჩევნო კოდექსი დავხვეწოთ, ძალაშია. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, დარწმუნებული ვართ, ოპოზიციის ის ნაწილი მაინც, ვინც სახელმწიფოებრივად ფიქრობს, მობრძანდება, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და კონსენსუსს მივაღწევთ, კონსენსუსი შეიძლება იყოს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, ბარიერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა