კობახიძე ოპოზიციაზე - მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში
ოპოზიციას აქვს ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ისივე თქმით, ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგს ზედმიწევნით ასრულებს.
„პრემიერი მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ორჯერ შეხვდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დღეს ასევე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.