მოლაპარაკებები გრძელდება, ჯერ კიდევ რჩება სამუშაო - არჩილ თალაკვაძე
მოლაპარაკებები გრძელდება, ჯერ კიდევ რჩება სამუშაო საკითხებზე, რომ პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელთან შეხვედირს დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამთავრობო გუნდს ოპოზიციის მიმართ სამართლიანი შეთავაზებები აქვს გაკეთებული. ის ოპოზიციის მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
"ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე გაკეთდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, არ თქმულა, რომ დღეს შედგებოდა შეთანხმება.
„ძალიან კომპეტენტური ადამიანები განიხილავენ ჩვენთან ერთად საკითხებს, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. ეს ერთი, მეორე, არც ბატონ დანიელსონს და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ დღეს შედგებოდა შეთანხმება, ჩვენ ვთქვით, რომ პოზიციების დაახლოება ხდება. ახლაც შემიძლია გითხრათ იგივე, რჩება საკითხები, რაზეც პოზიციები არის კიდევ დასაახლოებელი. შესაბამისად, მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება დასრულდება კონკრეტული შედეგით.
შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ორჯერ შეხვდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი დღეს ასევე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.