მარინა კალიურანდი: ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული, წერტილი
ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი, - ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამომრჩევლის მიერ მიღებული მანდატით მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა ისარგებლა. ამასთანავე, მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ დათმობა ორივე მხარეს მოუწევს.
„ჩემი მოწოდება ეხება ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, ორივე მხარემ უნდა იპოვოს კომპრომისი. ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი სურვილი, მანდატი მიანდო კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომ შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და დაიწყონ საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ მუშაობა. სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურ პარტიას არ უსარგებლია ამით, მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა დაიკავა ადგილი. ეს ადგილები არ არის შევსებული, როგორც ეს ქართველ ხალხს სურდა. კომპრომისები შესაძლოა გულისხმობდეს არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან. ვერ მოითხოვ დათმობას მხოლოდ ერთი მხრიდან. შეთანხმება არის კომპრომისი, კომპრომისი ზოგჯერ გულისხმობს არაპოპულარულ ნაბიჯებს, თუ ეს არის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესში. მე არ შევალ დეტალებში, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვურჩიო მხარეებს რამე კონკრეტული. პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, დაინახონ ის, როგორ და სად შეიძლება იყოს კომპრომისი. მიჰყვნენ მედიაციას და მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა კალიურანდმა.