არჩილ თალაკვაძე - შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე
მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
"პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია იცით. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება", - განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც ვერ შევთანხმდებით ვერც მომავალში, თუ ამას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ.
"პოზიციები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე ძალიან დაახლოებულია, დღევანდელი დისკუსიის შემდეგ ეს საკითხები შეთანხმებისთვის მზად არის, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ნამდვილად არის შესაძლებელი, თუ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგმას და სიტუაციას რეალურად შეაფასებს, ეს შეთანხმება შედგეს“,-აცხადებს თალაკვაძე