ნათია თურნავა: პანდემიით დაზარალებულ ბიზნეს სუბიექტებს, რომელთაც სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით აქვთ მიღებული, ქონების გადასახადები დაუსუბსიდირდებათ
მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„იმ კომპანიებიდან, რომლებმაც პრივატიზაციის გზით სხვადასხვა პირობით, აუქციონის გზით შეიძინეს სახელმწიფო ქონება, ძალიან ბევრს შეექმნა პრობლემა პანდემიის გამო. მათ ვერ შეძლეს დროულად საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება. მათ დაუგროვდათ გადაუხდელი საიჯარო აუქციონის გზით, იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონების გადასახადები. დღემდე არსებობს იურიდიული პრობლემა. კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ქონებას იძენენ სახელმწიფოსგან პირდაპირი გადაცემის წესით, ჩვენ ვაკეთებთ შეღავათს, მაგრამ მათ, ვინც ქონებას იძენდნენ ან იღებდნენ იჯარით აუქციონის გზით, საკანონმდებლო ჩანაწერის გამო ჩვენ შეღავათს ვერ ვუწევდით. ამ ცვლილების შედეგად, ჩვენ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ სახელმწიფო ქონების ყველანაირი წესით ამღებ და მყიდველ კომპანიას. ყველას მიეცემა საშუალება, თუ ისინი დაასაბუთებენ, რომ პანდემიამ დააზარალა, მთავრობამ თითოეულზე იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლოები, გადაუვადოს საიჯარო ქირა. ასეთია 109 მცირე და საშუალო კომპანია. საკმაოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ და ეს საკმაოდ დიდი დახმარება იქნება ბიზნესისთვის ამ რთულ, პანდემიურ პირობებში“, - განაცხადა თურნავამ.