გაცემული ხელფასების მოცულობა საქართველოში 469 მლნ-ით შემცირდა
2021 წლის იანვარ-თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 519.6 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 93.7 მილიონი ლარით, ანუ 15%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. უფრო დეტალურად კი, შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 93.7 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 468.5 მილიონ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს.
საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან.
მთლიანობაში იანვარ-თებერვალში შეგროვებული 519.6 მილიონი ლარის საშემოსავლო გადასახადი ნიშნავს, რომ ორი თვის განმავლობაში 2.6 მილიარდი ლარის ხელფასები გაიცა. შედარებისთვის, 2020 წლის იანვარ-თებერვალში გაცემული ხელფასების ჯამი 3.07 მილიარდი ლარი იყო.
ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის კლება თანხვედრაშია საქსტატის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 74 ათასით იკლო. ასევე, 53 ათასით, 308 ათასამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობის 20.4% ამჟამად უმუშევარია, წლიურ ჭრილში ზრდა 3.8%-ია.
საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან, რამაც იანვარ-თებერვალში 570.4 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში კლება 12.7%-ია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა ქვეყანაში დაწესებული მეორე ლოქდაუნით და თვის ფაქტობრივად ნახევრის “უქმე დღეებად” გამოცხადებით იყო განპირობებული. სავარაუდოდ თებერვალში შედარებით უკეთესი ეკონომიკური ვითარება იქნებოდა, რადგანაც ამ პერიოდში გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდებოდა, თუმცა თებერვლის ეკონომიკური ზრდის ანგარიში საქსტატს ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკის 4.6%-ით შემცირება არის ნავარაუდევი, მთლიანად 2021 წელს კი მთავრობა 4.3%-იან ზრდას ელის.
"bm.ge"