თინა ბოკუჩავა- ეს არის ევროპის პასუხი კობახიძის დაანონსებულ ბოლშევიკურ რეპრესიებზე
"ვენეციის კომისიამ ამ ძალიან კრიტიკული დასკვნით პრაქტიკულად, “ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ პარტიების დევნის კობახიძის ბოლშევიკური მეთოდები მიუღებელია და შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან", - ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ვენევიის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება.
ბოკუჩავას თქმით, “ეს არის ევროპის პასუხი კობახიძის დაანონსებულ ბოლშევიკურ რეპრესიებზე”.
“მათ გარკვევით თქვეს, რომ პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა ლიდერის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო არაპროპორციულია და ასევე, სანქციების გავრცელება პარტიებზე, ანუ დაფინანსების შეწყვეტა პარტიებისთვის იმის გამო, რომ ისინი არ იღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, ასევე არამართლზომიერი და არაპროპორციულია. ეს არის ევროპის პასუხი კობახიძის დაანონსებულ ბოლშევიკურ რეპრესიებზე, რომლითაც მას სურს, რომ შეავიწროვოს განსხვავებული აზრი და განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური პარტიები. შეფასებასთან ერთად, რომ არამართლზომიერი და არაპროპორციულია, ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირი მოწოდებაა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტი გააჩეროს და გადახედოს. თუ ვენეციის კომისიის მოწოდებებს, ევროკავშირის გზავნილებს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებებს არ ისმენს ხელისუფლება და მაინც ნარიშკინის დავალებებით მოქმედებს, ნათელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ვის დავალებებს ასრულებს და ვისი ინტერესების გამტარია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ვენევიის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან. როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, არაპროპორციულად აღიქმება საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც იმავე შემთხვევაში დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს.