პაატა მანჯგალაძე: თუ „ქართული ოცნება“ გონივრულ კომპრომისებს შემოგვთავაზებს, პარლამენტში მუშაობისთვის მზად ვართ
" „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის იყო და ვრჩებით პოლიტიკური კრიზისის კომპრომისებით გადაწყვეტის მომხრე და თუ „ქართული ოცნება“ შემოგვთავაზებს გონივრულ კომპრომისებს, მზად ვართ პარლამენტში მუშაობისთვის", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის ამერიკელი და ევროპელი მეგობრების გზავნილები მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის გონივრული კომპრომისი იქნება არა ერთჯერადად ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები, არამდე შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს ერთპარტიულ დემოკრატიას ქვეყანაში.
იყო შეფასება, რომ დემოკრატიის ზღურბლზე ჩატარებული არჩევნები მიუღებელია სახელმწიფოებისთვის, თუ გვინდა ევროპის ნაწილი გავხდეთ, საჭიროა დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.