იაგო ხვიჩია: შტატები ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა
"შტატები ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა და ამ ქვეყანაში თუ ვინმეს იმედი გვაქვს - აშშ-ის. როგორ შეიძლება, მათი რეკომენდაციები მხედველობაში არ მივიღოთ?!", - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს აშშ-ის სენატში გუშინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ამ ქვეყანაში კრიზისი, განვითარების შეფერხება რუსეთის ინტერესებშია.
„გამოსავალი ორივეს მხრიდან უნდა მოიძებნოს, რომ პარლამენტში შესვლისას სახე იყოს შენარჩუნებული. ამ ქვეყანაში კრიზისი, განვითარების შეფერხება რუსეთის ინტერესებშია. გამოსავალი ორი მოჩხუბარი პარტიის შერიგებაშია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყურადღებით ვაკვირდებით ყველა გზავნილს. მე ველოდები საბოლოო დოკუმენტს, რომელიც შტატების რომელიმე ინსტიტუტის მიერ იქნება გამოცემული. რაც იქნება იმ დოკუმენტში, მთელი პოლიტიკური სპექტრი მას უფრო ყურადღებით გავეცნობით. ზოგი ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ და ზოგის თავში რა დევს, არ ვიცი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე გუშინ საქართველოს საკითხი განიხილეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. შარლ მიშელი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად ბრუნდება.