თეგებით ძიება

ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია


„თავის დროზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც ფინანსური სისტემის საიმედობას და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, ერთ-ერთი ცვლილებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.

2020 წლის 1-ლი ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა