ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაიღუპა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, 42 წლის, მეხანძრე-მაშველი, გიორგი ლელაშვილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.
გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.