ირაკლი ქადაგიშვილი: მათ მნიშვნელოვანი აქციის ჩატარების უნარი არ აქვთ
"მათ მნიშვნელოვანი აქციის ჩატარების უნარი არ აქვთ და თარიღებს, დაახლოებით 2 თვენახევრიანი ინტერვალებით იღებენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა 15 მაისის აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაანონსებული აქცია, აცდენილია იმ დღის წესრიგს, რა დღის წესრიგიც მნიშვნელოვანია საქართველოში.
„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველა დონეზე, აბსოლუტურად ყველა ქვეყანასა და ყველა ფორმატში აღნიშნეს, რომ პირველ რიგში, ეს არის სწორედ მოლაპარაკება, დიალოგი, რომლის საბოლოო მიზანი უნდა გახდეს ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში, საპარლამენტო ცხოვრების გაშლა და ყველა იმ პრობლემებსა და ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის გაგრძელებისათვის. გამომდინარე აქედან, ხუთი თვის გამოცდილებამაც დაანახა ყველას და იმედია, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიციასაც, რომ ქუჩის აქციები არ არის მოთხოვნადი პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის, ამომრჩევლისთვის. ისინი არ მიიჩნევენ, რომ ამ აქციებს რაიმე აზრი გააჩნია და რაიმე კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს. ეს აქციები ვერ და არ იქნება „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის იარაღი.
ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მედიატორების მხრიდან ეს აქციები არანაირად არ განიხილება რაიმე კონსტრუქციულობის მატარებლად. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ დღეს არანაირი უნარი, რაიმე მნიშვნელოვანი აქციის ჩატარებისა და თარიღებს იღებენ, დაახლოებით 2-2 თვე-ნახევრიანი ინტერვალებით. რა თქმა უნდა, როდესაც შენ მოლაპარაკებების პროცესში არ ხარ კონსტრუქციულად განწყობილი, ეს ყველასთვის კარგად არის უკვე ცნობილი და ამაზე საერთაშორისო დონეზეც უკვე განცხადებებიც ღიად არის გაკეთებული. ამას კიდევ აქ, ადგილზე უმატებ ამ არეული ვითარების შექმნას, რა თქმა უნდა, ეს ხელს უშლის, დიალოგის აზიანებს და აქედან გამომდინარე, ეს არის თავიდან ბოლომდე კონტრპროდუქტიული. 15 მაისის აქციაც დააანონსეს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული საქციელით რაიმე ზეწოლას მოახდენენ - ერთგვარი კარვების ქალაქის შენარჩუნების დედლაინიც არის. ამ კარვებს 15 მაისი აქციისთვის ინარჩუნებენ, რომელიც სინამდვილეში რეალურად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ ამახინჯებს ფონს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.