კახაბერ კუჭავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში პარლამენტის ჩართულობაზე, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის გეგმებზე.
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა აქტიურად გაგრძელდეს საქართველოსთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ფარგლებში.
„შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების მიმდინარეობასა და ამ პროცესში პარლამენტის ეფექტურ ჩართულობაზე. საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს აღნიშნული პროექტების განხორცილებას, რათა დასახული მიზნები წარმატებით იქნას მიღწეული. შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის გეგმები და ჩვენი დელეგაციის წევრების მიერ ინიცირებული შუამდგომლობები შესაბამისი თემატური რეზოლუციებისთვის. საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ევროპული დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ვფიქრობ, ასევე დარჩება მომავალშიც. ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს მადლობა გადავუხადე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და იმ აქტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან,“ აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.
საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის 2024 წელს შეტანა წარმოადგენდა.
„შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველო რჩება ერთგული მისი ევროპული არჩევანის და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა 2024 წელს შევიტანოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში წევრობის თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.