ირაკლი ბერაია: საქართველო არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პულისის მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს მიესალმა და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე დღეს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მართავს, სადაც მომხსენებლები ჩვენი ნატოელი პარტნიორები იქნებიან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანსის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, დეპუტატებს ინფორმაციას გააცნობენ ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ნატოში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. საქართველო ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოა და ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების თავსებადობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პარტნიორია. საქართველო არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის და ამას ადასტურებს თანამშრომლობის როგორც პრაქტიკული, ასევე, პოლიტიკური ასპექტები. ნატოს ყველა სამიტი ადასტურებს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. აღსანიშნავია, რომ სამიტები და მინისტერიალები ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი ნაბიჯებით სრულდება, რაც ალიანსის მოკავშირეების პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებას ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის წარდგენამდე, ოფისის ხელმძღვანელმა, როსარია პულისიმ მისასალმებელ სიტყვაში ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე განცხადება გააკეთა.
„ნატო-საქართველოს პარტნიორობის პროცესში პარლამენტი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ჩვენ თქვენ საქმიანობას დადებითად ვაფასებთ. ჩვენ ბევრი რამ ერთად გვაქვს გაკეთებული და საშუალება გვაქვს ამ რეჟიმში გავაგრძელოთ საქმიანობა. საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია, ჩვენ უნიკალური, ძლიერი პოლიტიკური თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთი დიდი მონაწილე ნატოს სამშვიდობო მისიებში ავღანეთში. ნატო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ოფისის ყოველდღიური საქმიანობაც სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს, რომ გახდეთ უფრო ძლიერები და მომზადებულები ალიანსის წევრობისთვის. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც ეს იყო გაცხადებული ბუქარესტის სამიტზე და საქართველოს ამისთვის ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია და ჩვენ ვახალისებთ ამ ქვეყანას, რომ გამოიყენოს ეს მექანიზმები საკუთარი სარგებლისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყველა ნაბიჯი და ნებისმიერი პროგრესი, რომელიც რეფორმების კონსოლიდაციის გზაზეა გაკეთებული, ეს არის ნაბიჯი წევრობისკენ“, - აღნიშნა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
როსარია პულისის გამოსვლის შემდეგ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტის სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.