ნიკოლოზ სამხარაძე: შალვა ნათელაშვილი არის ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს დასავლურ ინსტიტუტებს
"შალვა ნათელაშვილი არის ადამიანი, რომელიც დღენიადაგ შეურაცხყოფს დასავლურ ინსტიტუტებს", - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია შალვა ნათელაშვილთან იკრიბება პარტიულ ოფისში და ამბობენ, რომ თურმე, ისინი არიან პროდასავლური ძალა.
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და თუნდაც ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებას ეკისრება. ამიტომ, ვფიქრობ რომ ოპოზიციის, განსაკუთრებით მისი დესტრუქციული ნაწილის მიზანი სწორედ ეს არის, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ისეთი სურათი , რომ ამ შავ და მუქ ფერებში დახატული ვითარება, რომლის გამოც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. შალვა ნათელაშვილი არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ეს არის ადამიანი, რომელიც დღენიადაგ შეურაცხყოფს დასავლურ ინსტიტუტებს. დღეს მე მოვისმინე განცხადება, რომ თურმე საქართველოში არჩევნები მას შემდეგ აღარ ტარდება ნორმალურად, რაც NDI და IRI შემოვიდა ამ ქვეყანაშიო. მანამდე გვახსოვს მისი თავდასხმა ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩზე და ა.შ. და ამ ადამიანთან ერთად იკრიბებიან მის პარტიულ ოფისში დანარჩენი ოპოზიციონერები და გვეუბნებიან, რომ თურმე ისინი არიან პროდასავლური ძალა, ეს სასაცილო აღარ არის. სატირალია ნამდვილად. სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიცია ერთი ძალის ირგვლივ გაერთიანდა მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ძალიან კარგი შანსი იმისა, შეექმნათ ნიადაგი, რომ საქართველოში მრავალპარტიულობა განვითარებულიყო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.