ოპოზიცია იმაზე ოცნებობს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია -დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირების ან ქვეყნის მიმართ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სანქციები დააწესონ.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ საქართველოში რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია და ქვეყანას სანქციები დაუწესდეს, რომ ეს ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენონ.
„არათუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი სცენარით განვითარება. სამწუხაროდ, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ეს არის მათი დღის წესრიგი, მეტი არაფერი. ვიზიარებ და ვემხრობი, რომ უნდა მივიღოთ რეზოლუცია, სადაც იქნება მოწოდება ორივე მხარეზე და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ შეგახსენებთ არჩევნების წინა პერიოდს, ოპონენტების გამოსვლებს, როგორ თამამად აცხადებდნენ ისინი, რომ რეზოლუცია იქნება მიღებული, აპროპრიაციის აქტი იქნება მიღებული, ეროვნული თავდაცვის აქტი იქნება მიღებული, სადაც პირდაპირ იქნება სანქციები ჩადებული, ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი? - არაფერი! ვერაფერი ვერ ვნახეთ. კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებების. რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.