თეგებით ძიება

პრეზიდენტი - შენიშვნების მიუხედავად, აშშ-ის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გუშინ აშშ-ის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

"სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ გზაზე სვლას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას გვიცხადებენ. აშშ და ევროკავშირი სრულად იზიარებენ ეუთო-ს დასკვნას, რომლის თანახმადაც 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.

ამერიკასა და ევროკავშირს სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში.

კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს უპირატესობა მიანიჭოს ქვეყნის და არა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. შექმნილი კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი. ქვეყანას კი სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა