თეგებით ძიება

კელი დეგნანი - პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რათა მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ განაცხადა რუსეთის აგრესიის შესახებ და ასევე იმ საფრთხეებზე, რასაც ჩინეთი ქმნის გლობალური ვაჭრობის, კომერციისა და უსაფრთხოების კუთხით.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება. თქვენ იცით, რომ არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუმცა ახლა ასევე სახეზეა ორპარტიული წუხილი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ვაშინგტონს სურს იხილოს, რომ საქართველოს ერთგულება ამ ღირებულებების მიმართ კვლავ ძლიერია. ამ რეგიონში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად. საქართველო კარგად უნდა პოზიციონირებდეს, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, მისწრაფება, გახდეს კომუნიკაციების, სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ეს ის შანსია, რაც საქართველომ არ უნდა დაკარგოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მოვუწოდებთ მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათ შეძლონ ამ დიდ ცვლილებებზე კონცენტრირება, რაც შეინიშნება ამ ქვეყნის ირგვლივ. შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლის კუთხით ძალისხმევა უნდა გაიზარდოს, რათა მან გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებები.

„როგორც იცით, ამ კვირას შედგება ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებები. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, სადაც დიალოგი შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებად, რათა მან გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან. ამერიკის შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. ვიცით, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. დროა, დასრულდეს იმ ხალხის ტანჯვა, ვინც ამ ვითარების მსხვერპლია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა