დავით ზალკალიანი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის ტექსტში ახალი ელემენტებიც აისახა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია ფოკუსირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საერთაშორისო მექანიზმების წვდომაზე. როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, ეს მიმართულებები რეზოლუციაში მკაფიოდ არის ასახული.
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებულია რეზოლუცია სახელწოდებით, „თანამშრომლობა საქართველოსთან“. ეს არის ყოველწლიური რეზოლუცია, რომელიც ჩვენ უკვე ოთხი წელია, გაგვაქვს ამ ფორმატში. ის არის ფოკუსირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან, ასევე საერთაშორისო მექანიზმების წვდომასთან დაკავშირებით. ორივე ეს მიმართულება კიდევ ერთხელ არის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირებული ამ რეზოლუციაში.
წელს უკვე ჩვენ მოვიპოვოთ დამატებით 48 ქვეყნის თანასპოსნორობა ამ რეზოლუციაზე, რაც ნიშნავს, რომ 48 ქვეყნისთვის ეს რეზოლუცია ისევე არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის. გასათვალისწინებელია ამ პირობებში, რომ როგორც შარშან, ისე წელს, რეზოლუციის მიღების პროცესი მიმდინარეობდა პანდემიის ფონზე, რაც გარკვეულწილად, სირთულეებთან არის დაკავშირებული. ფიზიკურად ვერ ვაწარმოებდით კამპანიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა კიდევ ერთხელ მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და რეზოლუცია მიღებულია ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციაში ასევე ასახულია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება.
„ასევე ახალი ელემენტი არის ამ რეზოლუციის ტექსტში. მოგეხსენებათ, რომ 21 იანვარს იყო მიღებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება. სწორედ ეს გადაწყვეტილება არის ასახული ამ რეზოლუციაში. პირველად არის დაფიქსირებული ოკუპაცია და ასევე ის, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის სწორედ იმ ჩვენი მიზნის რეალიზაცია პრაქტიკულ განზომილებაში, როდესაც ვამბობდით, თუ როგორ შეიძლება ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენება დეოკუპაციასთან მიმართებით.
ეს არის კონკრეტული მაგალითი, რომ უკვე რეზოლუციების ტექსტში ეს ფაქტი აისახება. თუკი მაგალითად, ადრე პოლიტიკური მხარდაჭერის რეზოლუცია იყო, ასევე სამართლებრივი ელემენტებიც არის წარმოდგენილი ამ რეზოლუციაში. ვფიქრობ, ამ მხრივ, არის მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი დიპლომატიური მისიების“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.