"დედაქალაქი გვემხობა თავზე... გამოცხადდეს თბილისი დახურულ ქალაქად" - როგორ ეხმაურებიან მეწყრის საფრთხეს სოციალურ ქსელში
თბილისში, დღეს კიდევ ერთი მეწყრული ზონა აღმოაჩინეს. კერძოდ თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა.
მანამდე, თბილისში, ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა. სპეციალისტების თქმით, მისი სიღრმე 18 მეტია, ხოლო ქანები ერთმანეთს დღეში 5-7 სანტიმეტრით შორდება.
თბილისში მეწყრის საფრთხეს სოციალურ ქსელში სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან.
გეოლოგ თეა გოდოლაძის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ:
"დედაქალაქი გვემხობა თავზე ხომ?"
სხვები თბილისში მშენებლობების შეჩერებას და დედაქალაქის დახურულ ქალაქად გამოცხადებას ითხოვენ:
"სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ყველა მშენებლობა.
თბილისს საძირკველი გამოუთხარეს ამ "სამშენებლო" - დამაქცეველმა კომპანიებმა.
თბილისი უნდა გამოცხადდეს დახურულ ქალაქად სანამ მთელი ქალაქი ნანგრევებში არ მოჰყვა".