თეგებით ძიება
26. 03. 2021 მსოფლიო

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ყოველდღიურად ხორციელდება“, - განაცხადა პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციამ.

ორგანიზაციის მონაცემებით, 25 მარტისთვის საპროტესტო აქციებზე 320 ადამიანი დაიღუპა. აქციებზე მოკლული ადამიანების 25%-ს სასიკვდილო ჭრილობა თავში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

24 მარტს მიანმარში სამთავრობო ძალებმა 7 წლის ბავშვი მოკლეს. სამხედროები საპროტესტო აქციების მონაწილეთა სახლებში რეიდს ატარებდნენ. გოგონას მშობლებმა კი მათ კარი არ გაუღეს, ძალოვნებმა ცეცხლი გახსნეს, ნასროლი ტყვია 7 წლის ბავშვს მოხვდა.

მიანმარში 1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა