თეგებით ძიება
29. 03. 2021 მსოფლიო

სუეცის არხში ბლოკირებული გემის გათავისუფლების შემდეგ ნავთობი გაიაფდა

მას შემდეგ, რაც სუეცის არხში 5 დღის განმავლობაში გაჭედილი გემის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ნავთობი 2%-ით გაიაფდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Brent-ის მარკის ნავთობი 1,38 დოლარით გაიაფდა და ამჟამად 63,19 დოლარს შეადგენს, ხოლო ხოლო WTI-ის ამერიკული ნავთობის ფასი 1,48 დოლარით შემცირდა და 59,49 დოლარს შეადგენს ერთ ბარელში.

კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც 23 მარტს სუეცის არხში თავთხელზე გაიჭედა, 29 მარტს გაათავისუფლეს. ამჟამად სამუშაოები გრძელდება, ექსპერტებმა გემის დაზიანების მასშტაბები უნდა შეისწავლონ და მისი გადაადგილება ამის შემდეგ მოხდება.
კონტეინერმზიდის ქვეშ მაშველებმა 27 ათასი კუბური მეტრი სილა ამოიღეს. 200 000 ტონიანი კონტეინერმზიდი სუეცის არხს 5 დღის განმავლობაში კეტავდა.

კონტეინერმზიდი Ever Given ჩინეთიდან როტერდამში მიცურავდა. გემის სიგრძე 400 მ-ს შეადგენს, რაც ნიუ-იორკის ცნობილ ცათამბჯენ „ემპაირ სთეით ბილდინგზე“ მეტია. არხის ჩახერგვის გამო მის ორივე მხარეს ასობით გემი დაგროვდა, რომლებიც ამ სტრატეგიული გასასვლელის გახსნას ელოდება.

სუეცის არხის მეშვეობით ყოველდღიურად მსოფლიო ტვირთების 10%-ის გადატანა ხდება. ავარიის გამო რამდენიმე დღის წინ ნავთობი 5%-ით გაძვირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა