თეგებით ძიება
30. 03. 2021 მსოფლიო

ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია კვლავ შეშფოთებულია

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულები არიან საქართველოში შექმნილი ვითარებით.

"პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. მქონდა შანსი, მელაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან. საქართველო რჩება ქვეყანად, რომელსაც ახლოს ვაკვირდებით და გვინდა ვიხილოთ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების რეფორმის კუთხით. ჩვენ როგორც დემოკრატია ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მხარეები დაუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, რადგან ეს ყველას და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესშია". - ამბობს ჯინ შაჰინი.

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა 23 მარტს გაიმართა. სხდომაზე ითქვა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზეა.

სენატორებმა ილაპარაკეს ნიკა მელიას საქმეზეც. ჯინ შაჰინმა ენმ-ის თავმჯდომარის დაკავება რუსეთის გამარჯვებად შეაფასა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს მეორედ უწევს მედიაციას.

გუშინ, 29 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს.

დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.

ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც ამბობენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არ შესრულდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა