თეგებით ძიება

რეფორმებს ყოველგვარი შეთანხმებების გარეშეც განვახორციელებთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალური ბარიერი დაიწევს და 3%-ი იქნება. მისი განმარტებით, რეფორმებს მმართველი გუნდი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს:

,,რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ადგილზე, ასევე საჯაროდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეფორმებს განვახორციელებთ ყოველგვარი შეთანხმებების გარეშეც, ეს ეხება საარჩევნო რეფორმას, პაკეტი არის ინიცირებული და ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. ასევე დაველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას ამ პროექტთან დაკავშირებით. ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 2024 წელს ბარიერი დაიწევს საპარლამენტო არჩევნებში და მაქსიმალური ბარიერი იქნება 3%. ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ ვიმსჯელებთ უფრო დაბალი ბარიერის შემოღებაზეც 2024 წლის არჩევნებისთვის და შემდგომი არჩევნებისთვისაც უფრო დაბალი ბარიერის შენარჩუნებაზე. აქ კარი ჩაკეტილი არ არის. მთავარია ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში გამომდინარე იქიდან, რომ 113 ხმა არის საჭირო.

სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ დროებით შეჩერდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის პროცედურა ვიდრე არ დასრულდება კანონპროექტის მიღება. ეს პროცესი დასრულდება ხვალ და იქნება მიღებული შესაბამისი კანონი, სადაც იქნება ასახული ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია. საქმე ეხება კენჭისყრის ღიაობას, გასაჩივრების პროცედურას და სხვას. ასევე, შესწავლილი იქნება სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღები საერთაშორისო ექსპერტების პარტნიორობით, ამის საფუძველზე შეიქმნება წინადადებები და გაგრძელდება რეფორმირება სასამართლოს რეფორმირებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის კინოდარბაზში უმრავლესობის სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, უმრავლეობის ვიცე-სპიკერები, კომიტეტის თავმჯდომარეები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა