თეგებით ძიება

"დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება" - კობახიძე პოზნერის ვიზიტზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს და განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გუშინ და დღეს ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ ჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა.

ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი - ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი - ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო", - წერს კობახიძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, კრემლის პროპაგანდისტი, ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისს 31 მარტს ეწვია. მისმა ვიზიტმა საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც ის 40-კაციან დელეგაციასთან ერთად იძულებული გახდა, ქვეყანა რამდენიმე საათში დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა