"დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, უკეთესია, ვიდრე დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია“ - ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსულ მედიასთან ვოლოდიმირ ზელენსკიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბელარუსის მსგავსი დიქტატურა, უკრაინაში არსებულ დემოკრატიაზე უკეთესია.
"რატომ იქცევა ზელენსკი ასე? ჩვენ მასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. რა აკლია? ისინი მას ბრძანებას აძლევენ. თუ ომში ჩაგვითრევენ, რთული ვითარება იქნება. შეიძლება, როგორც სახელმწიფომ, ვერ გავუძლოთ. ამიტომ ყველაფერს მოთმინებით და დაჟინებით ვაკეთებ, როგორც უფალი და ეკლესია გვასწავლის. მოდით, გავაკეთოთ ჩვენი საქმე - დრო ყველაფერს დაალაგებს. დრო ყველას შეაფასებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთმინება. დაე, თქვან, რომ აქ დიქტატურა გვაქვს, ან სხვა რამ. მისმინეთ, ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მშვიდობა პრიორიტეტულია და არ სჭირდება არაფერი, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება.
"ყველაფერი გაკეთდება ბელარუსში მშვიდობის შესანარჩუნებლად. თუ ჩვენ გვექნება მშვიდობა, სხვა ყველაფერს ვიყიდით. შეიძლება მდიდრულად ვერ ვიცხოვროთ, თუმცა წესიერი ცხოვრება გვექნება, როგორც ახლა. ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ - ვცხოვრობთ იმ ფულით, იმ სახსრებითა და შესაძლებლობებით, რომლების რეალიზებასაც ბელარუსში ვახერხებთ. სწორედ ამიტომ არის მშვიდობის შენარჩუნება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ არ გვექნება მშვიდობა, არ გვჭირდება არაფერი", - აღნიშნა ლუკაშენკომ.