"მეგი ბაქრაძე კლინიკა "იმედიდან" მკვდარი წამოიყვანეს" - ექთნის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება
კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება.
ადვოკატების თქმით, საქმის მასალებში, რომლებიც მათ გადაეცათ, ექთნის ბიძისა და ადვოკატის თანდასწრებით ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებებია დართული, რომელშიც ნათქვამია, თითქოს მეგი ბაქრაძე კლინიკიდან უკვე გარდაცვლილი წამოიყვანეს.
„დაათვალიერეს ტელეფონი მასში არსებული მნიშვნელოვანი მიმოწერებით. მოხდა კონკრეტული მოწმეების იდენტიფიცირება. კონკრეტული ჩათის მიმოწერის ავტორების იდენტიფიცირება, რომლებიც საუბრობენ ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიცაა კლინიკა „იმედიდან“ მეგი ბაქრაძის დაგვიანებულ ტრანსპორტირებაზე თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში; ასევე ისეთი პირების მიმოწერები, რომლის შინაარსიც არის, რომ მკვდარი წამოიყვანეს ბაქრაძე კლინიკა „იმედიდან“. აღნიშნული ტელეფონი წინა დღეებში ამოიღო საგამოძიებო უწყებამ, შემდგომ აიღეს განჩინება დათვალიერების თაობაზე და დღეს მოხვდა უკვე უშუალოდ ბიძის მონაწილეობით მეგის ტელეფონის დათვალიერება. ჩვენ ველოდებით შემდგომში საგამოძიებო უწყების რეაგირებას და მობილური ტელეფონის მიმოწერებში არსებული პირების მოწმის სახით გამოკითხვას“, – განაცხადა ნინო ამაღლობელმა.
ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის მედდა, რომლის მდგომარეობა 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.
1tv.ge