"კითხვა მაქვს ერთი და იქნებ ვინმემ იცოდეთ პასუხი, ნორმალურია თუ არა ეს ამბავი" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი
სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"კითხვა მაქვს ერთი და იქნებ ვინმემ იცოდეთ პასუხი, ნორმალურია თუ არა ეს ამბავი.
ჩვენ ტანსაცმელი დავარიგეთ მაღალმთიან სოფლებში. საღამოს საქართველოს ნაკრების თამაში უწევდა, მანამდე მოვგვარდით და ჩავრთეთ პირველი არხი .
რეკლამა გადიოდა, ჩვენც მოვემზადეთ საყურებლად და ზუსტად ფეხბურთის დაწყებისას წკაპ და ჩაქრა პირველი არხი, სხვა არხები აჩვენებს. გვაქვს ჩვეულებრივი ანტენა და ჩვეულებრივი დეკოდერი.
აუ გავგიჟდით, რაღა ეს პირველი არხი გამოირთო სადაც ეროვნული ნაკრების თამაშია. გარშემო მოსახლეობაში და სოფლებში მოვიკითხეთ და ყველამ - აქ ბევრი წელია ფეხბურთის დროს სულ ითიშება პირველი არხიც, რუსთავი 2-იც და სადაც არ უნდა იყოს ფეხბურთიო.
თბილისში ჩვეულებრივად აჩვენებს როგორც იცით.
თუ ვინმემ იცით, მაინტერესებს - რატომ არ აქვს უფლება ამდენი წელია, ამდენ ხალხს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე უყუროს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს?
ანუ რისი ბრალია, რომ ზუსტად ფეხბურთის დროს ითიშება პირველი არხი?
ვისაც ფული არ აქვს და ფასიან ტელევიზიას ვერ რთავს, არ აქვს უფლება, რომ თავისი ქვეყნის ნაკრების თამაშს უყუროს არხზე, რომელსაც არსებობაში ფულს თვითონ უხდის?
უამრავი ადამიანის სახელით ვკითხულობ და იქნებ ვინმემ მიზეზი იცით და გვითხრათ ?!", - წერს სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.