თეგებით ძიება
14. 11. 2024 მსოფლიო

პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენის მიმართ 5-წლიან პატიმრობას ითხოვს

პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ფრანგი მემარჯვენე კანონმდებელი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნონ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, მიესაჯოს პატიმრობა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალოს საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

გამოცემის ცნობით, თუ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ლე პენი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ლე პენი, მისი პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ და კიდევ 24 პირი, მათ შორის მოქმედი და ყოფილი ფრანგი პარლამენტარები და ევროპარლამენტარები, ბრალდებული არიან ევროპარლამენტის კუთვნილი სახსრების უკანონოდ გამოყენებაში. კერძოდ, მათ ადანაშაულებენ პარტიული საქმიანობისთვის საპარლამენტო ასისტენტების დაქირავებაში.

პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ლე პენს მიესაჯოს ყველაზე მკაცრი სასჯელი. აღნიშნეს რა, რომ დანაშაულის ჩადენის პერიოდში ლე პენი იყო როგორც ევროპარლამენტარი, ასევე პარტიის ლიდერი.

პროკურორები ლე პენის ხუთი წლით დაპატიმრებას და 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვენ.

მნიშვნელოვანია, რომ პროკურორებმა ასევე მოითხოვეს სასჯელის დაუყოვნებლივი აღსრულება, მაშინაც კი, თუ ლე პენი სასამართლოს ვერდიქტს გაასაჩივრებს. როგორც წესი, საფრანგეთის კანონმდებლობით, აპელაცია ნიშნავს, რომ სანქციები დროებით შეჩერებულია, თუ მოსამართლე სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

„ნათელია, რომ საჯარო პროკურორებს ჩემი პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვა სურთ“, – განუცხადა ლე პენმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

გასულ კვირას სასამართლო პროცესზე ლე პენმა განაცხადა, რომ გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მეოთხედ კენჭისყრას და რომ „მილიონობით ფრანგი მოქალაქე დარჩება საპრეზიდენტო კანდიდატის გარეშე“, თუ მას აუკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას.

ახლა დაცვის მხარეს ექნება შესაძლებლობა, მოსამართლეს საკუთარი არგუმენტები გააცნოს, რის შემდეგაც მოსამართლე ვერდიქტის გამოცხადების თარიღს დაასახელებს.

განაჩენი კი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა