რომის პაპმა სააღდგომო ლიტურღია წელსაც მართლმადიდებლური ხატის წინაშე აღასრულა
კათოლიკური აღდგომის სადღესასწაულო მსახურებამ ვატიკანში, ისევე როგორც შარშან, წელსაც, პრაქტიკულად, მრევლის გარეშე ჩაიარა. წმინდა პეტრეს ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი სავარძლები ცარიელი იყო. ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ, თუმცა პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო ღვთისმსახურება ტრადიციული რიტუალის სრული დაცვით შეასრულა.
ამ რიტუალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ქრისტეს ხელთუქმნელი (Acheiropoetia) ხატის თაყვანისცემაა. ხატზე მკვდრეთით აღმდგარი უფალია გამოსახული. რიტუალი მე-14 საუკუნიდან იღებს სატავეს. მისი აღნიშვნის ტრადიცია 2000 წელს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ აღადგინა.
სწორედ მისი სურვილი იყო, რომ ხატი ქართულ სტილში ყოფილიყო შესრულებული და მისივე დაკვეთით ის ქართველმა ხატმწერმა ამირან გოგლიძემ შეიქმნა. ხატის პერანგი იტალიელების ნამუშევარია.
ერთ-ერთ ინტერვიუში ამირან გოგლიძემ პაპ იოანე-პავლე მეორესთან შეხვედრა და ხატის შექმნის ისტორია გაიხსენა:
„პაპ იოანე-პავლე მეორეს თბილისში შევხვდი და ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. მართლმადიდებლური მაცხოვრის ხატი იყო ადრინდელი პერიოდისა, რომელსაც ხელთუქმნელად მიიჩნევდნენ. ნახეს, შეისწავლეს, ნახატი რა შინაარსის იყო, როგორი საღებავებით შესრულებული. ვინაიდან პაპს ჩემს რამდენიმე მინიატურულ ნამუშევარზე უკვე ჰქონდა წარმოდგენა, ორიენტაცია ქართული ხატის მაგალითზე აიღეს. მკითხეს, თუ დრო და შესაძლებლობა გაქვთ, რომ დახატოთო. ვუპასუხე: ჯერ უწმიდესისგან ავიღებ კურთხევას, თუ მაკურთხებს, რომ შევასრულო, შევასრულებ-მეთქი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთა, რომელიც სამ თვეში დაიხატა. დაფას გამოსახულებაც აღარ შერჩენოდა, მხოლოდ ფონები იყო ალაგ-ალაგ, ცოტ-ცოტა საღებავები. ამიტომ თავიდან დაიხატა. პერანგი კი თვითონ იტალიელების მიერ გაკეთდა ვერცხლში მოოქრული. პირველი ხატია, რომელსაც ყოველწლიურად აღდგომისთვის გამოაბრძანებენ მოედანზე და ლოცვას აღავლენენ“.
2000 წლიდან, ყოველ აღდგომა დღეს რომის პაპი ამ ხატის წინაშე აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას.