თეგებით ძიება

"ვიჯექი ტორტთან მარტო, რთულად გადასახდელი ვალით გაწყობილ სუფრაზე და ტირილიც კი არ მინდოდა. ან რომ მეტირა, ვინ დამამშვიდებდა?" - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე თავის დაბადების დღესთან დაკავშიებულ ისტორიას სოციალურ ქსელში იხსენებს:

"1993 წლის 8 აპრილს კლასელები გავაფრთხილე. დედაჩემმა ნათესავისგან ფული ისესხა - ლიმონათები და შოკოლადები ვიყიდეთ, კარაქი და ვანილის ფხვნილი. მამაჩემი სოფელში იყო, თხილებში გაზაფხულის ბალახს თიბავდა.

ძალიან მიხაროდა. პირველი დაბადების დღე იყო, რომელსაც აღვნიშნავდი. თან კლასელები მოდიოდნენ.

9 აპრილს, საღამოს, უჩვეულოდ თბილოდა, მაგრამ ღუმელი მაინც დავანთეთ. ტორტი ცხვებოდა. ტორტის ცხობის პარალელურად კი, აი, მაშინ, როცა დედაჩემს ბეზე ამოყავდა - ,,ბეზეს ამოყვანა" - ასე არ ეძახდნენ ამ ამბავს? ზუსტად აღარ მახსოვს - ათი სახლის მოშორებით, ჩემი მეზობელი და მისი საცოლე ჩაცხრილეს - მეზობელი ხუთ დღეში გარდაიცვალა. საცოლე გადარჩა. თუმცა იმ დღეებში უფრო პირიქით ვარაუდობდნენ.

მეორე დღეს, პატარა ქალაქი, მხოლოდ სისხლით სუნთქავდა. ,,გადარჩება?" "ვინ ესროდა მაგას, ალბათ ქურდებისგან ჰქონდათ ზაკაზი" "საცოდავი დედამისი" ,,ძმაკაცები აიღებენ აბაროტს" ,,სექტემბერში ქორწილი უნდა ჰქონოდათ".
მე კი ვიჯექი ტორტთან მარტო, რთულად გადასახდელი ვალით გაწყობილ სუფრაზე და ტირილიც კი არ მინდოდა. ან რომ მეტირა, ვინ დამამშვიდებდა? არავინ, ვერავინ.

მას მერე დაბადების დღე არ აღმინიშნავს. ყოველ 10 აპრილს, სულ იქ ვზივარ, ცარიელ, უსტუმრო სუფრაზე. აი, ახლაც,
როცა უამრავი თქვენგანი მილოცავს და დაუმსახურებელ სიყვარულს მითვლის, იქ ვარ. ის არის ჩემი სამშობოლო, უცნაური და რთული, რომელიც ძალიან მიყვარს.
აგერ, გუშინაც ხომ გლოვის დღე იდგა.

დაბადების დღედ იქით იყოს და მე რა შემიძლია ამდენი სურვილის პასუხად? ბევრი ვერაფერი. მადლობა მხოლოდ და ძალის მოკრება, იმ გზაზე სავალად, ოდესღაც რომ ავირჩიე. ისე სავალად, დაღლა რომ არ დამეტყოს. არც ის ცარიელი სუფრა", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა