"მამამთილმა მცემა და 2 თვის ბავშთან ერთად ქუჩაში გამომაგდო, ღამე მეზობელთან გავათენე, ღმერთმა..." - ცისნამი საყვარლიშვილი წლების წინ მომხდარ ძალადობაზე ალაპარაკდა
ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ძალადობის მსხვერპლ ქალებს მხარდაჭერას უ7ცხადებს და თავის ისტორიას იხსენებს:
„მივესალმები ყველა იმ ქალბატონს, რომელიც არ მალავს და ღიად საუბრობს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მხარდაჭერა და დიდი პატივისცემა მათ. გადავწყვიტე მეც ვისაუბრო ამ თემაზე და გავიხსენო ყველაზე რთული დღეები ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ მეც ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, საბედნიეროდ არა ყოფილი საყვარელი მამაკაცისგან, არამედ მისი მამისგან. ახალი ნამშობიარები ვიყავი, ირაკლი სულ რაღაც ორი თვის იყო. ვერა და ვერ ვრიგდებოდი ჩემს ყოფილ დედამთილთან. ქალი რომელიც სულიერად მანადგურებდა და ნაშვილები რომ ვიყავი მაგის გამო “ყივჩაღს” მეძახდა. ხშირად მოგვდიოდა სიტყვიერი შელაპარაკება და ჩხუბი.
ბოლო ჩხუბის დროს ჩემმა ყოფილმა მამამთილმა, ირაკლის პაპამ სახეში ისეთი სილა გამაწნა რომ თავბრუ დამეხვა და იქვე ახლო მდგომ დივანზე დავეცი. იმ საღამოს, ასე სილა გაწნული ორი თვის ბავშვით ხელში სახლიდან გამაგდეს. ღამე მეზობელთან გავათენე. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს მეზობელი ნაიარა დეიდა. ჩემი ქმარი მთვრალი იყო და ეძინა. მეგონა მეორე დღეს დაწყნარდებიან ჩემი დედამთილ-მამამთილი და უკან მიგვიღებენთქო, მაგრამ რაის უკან მიღება, ჩემი ნივთები ჩაალაგებული ჰქონდა ჩემს ყოფილ დედამთილს და ბიძაჩემის სახლში მომიყარა, სადაც მეორე დღეს წავედი. მერე იყო დიდი წვალება, უბედურება. ვიყავი უმუშევარი, უფულო, უსახლკარო და გაუბედურებული, ორი თვის ბავშვით ხელში.
მაშინ არ იყო საფარი/Sapari და Baia Pataraia. მივმართე ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი / Anti-Violence Network of Georgia -ს, ქალბატონ Nato Shavlakadze-ს,Manana Purtskhvanidze-ს. ამ ქალბატონებმა გადამარჩინეს. მათი დიდი მადლიერი ვარ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, მის მიერ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, ცხონებულ სულო ბებოსთან ერთად, რომელიც პატარა ირაკლის გაზრდაში მეხმარებოდა. არავინ არ იყო ჩემს გვერდით.
ძალით გამაგდეს სახლიდან, არაფრის გამო და დამტოვეს ღია ცის ქვეშ. ყველა იმ ადამიანს ვინც მე ტკივილი მომაყენა, ცხოვრებამ სასტიკად გადაუხადა სამაგიერო! მეორედ როდის ვიყავი ძალადობის მსხვერპლი მაგასაც გეტყვით. პატარა ბავშვით სამსახურში არავინ მიღებდა. ბავშვის დამტოვებელიც არავინ მყავდა. საპატრიარქოს სოციალური სამსახურის უფროსსმა, უძვირფასესმა ქალბატონმა ცისანა შარტავამ დამაკავშირა სანდრა რულოვსთან. სანდრასთან უნდა მემუშავა, მის ორგანიზაცია სოკოში. გადავწყვიტე ბავშვი ერთი დღით მამამისთან დამეტოვა, რადგან მე პურის ფული მეშოვნა.
ავდექი და წავიყვანე თვეების ირაკლი თავის სახლში. დავტოვე და წამოვედი სამსახურში. იმ დღეს მაგრად ვიმუშავე. სანდრა ლტოლვილი ბავშვებისთვის კონცერტს მართავდა და ამ ღონისძიების საორგანიზაციო საქმეებში ვეხმარებოდი. მთელი დღე ფეხზე ვიდექი და თან ჩემი ფიქრები პატარა ირაკლისთან იყო. შიმშილისგან და გულის წასვლისგან ქალბატონმა Maka Darsavelidze -მ მიხსნა. რომ დამინახა სახეზე ფერი არ მედო, თბილი ბულკები მიყიდა და დამაპურა. იმ ბულკების გემო ახლაც მახსოვს. მიყვარხართ ქალბატონო მაკა. თქვენი სიკეთე არ მავიწყდება. სულო ბებოს სახლში მივედი. იმ დღეს წივილ-კივილი ატეხეს ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახმა. ბავშვი მოგვიყვანაო, ეს როგორ გვაკადრა არისტოკრატებსო!
სულ ამას გაიძახოდა ის ქალბატონი, ჩვენ არისტოკრატები ვართ და შენ “ყივჩაღი” შემომივარდი სახლშიო! იმ საღამოს ბავშვი უკან უნდა მოეყვანათ. გარეთ ეზოში გავედი რომ ირაკლი გამომერთმია. ბავშვი უკვე ხელში მეკავა, როცა მათი ნათესავი, მაშინდელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia -ის თავმჯდომარე, Guram Chalagashvili დიდი ჯიპიდან გადმოვიდა და თავისი დიდი ტორით ისეთი სილა გამაწნა რომ კინაღამ პატარა ირაკლი ხელიდან გამივარდა და მიწაზე დავარდა. ხმა ვერ ამოვიღე. შოკი მივიღე. სილა მივიღე იმისთვის თუ როგორ ვიკადრე და მის ნათესავებს ვაწუხებ!
სახლში რომ შევედი მთელი სახე გაწითლებული მქონდა. ახლაც მახსოვს იმ სილის სიმწარე. მას მერე მძულს ეს კაცი და როცა კი ტელევიზიით გამოდის, გული მერევა. როგორ იყენებენ მასეთ მოძალადეს ნებისმიერ საქმეში გვერდით? ალბათ თავის ცოლსაც ასე უბაგუნებს. მაშინ მე პატრონი არ მყავდა და ვერავის ვერაფერს მოვთხოვდი. ახლა ჩემი თავის პატრონი მე ვარ და ვითხოვ ყველა მოძალადე კაცი დაისაჯოს! არასდროს, არასდროს დამავიწყდება იმ სილის სიმწარე! წლების წინ ფეისბუქზე მივწერე კიდეც, მაგრამ აღარ ახსოვდა ვაჟბატონს! მეკი ეგ სიმწარე დღესაც კარგად მახსოვს! ხოდა არ გაეკაროთ მაგ მოძალადე კაცს, რომელიც უსუსურ, მეძუძურ დედას არაფრის გამო სილას აწნავს! ახლა გამოვლენ მავანი და იტყვიან იგონებსო, მაგრამ ღმერთია მოწმე რომ ყველაფერი სიმართლე დავწერე. რატომ მაშინ არ ვთქვი? იმიტომ რომ შემეშინდა! მე ვინ ვიყავი, ერთი ტლუ, სოფლელი, დაუცველი გოგო. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ასე მგონია ის სილა ცამეტჯერ გამაწნა ჩალაგაშვილმა! ახლა არ მეშინია არავისი! მოძალადე კაცები უნდა ამოწყდნენ და გადაჯიშდნენ!
ქალებო არ შეგეშინდეთ! გამოდით და ხმამაღლა ისაუბრეთ ძალადობაზე! ველოდები საზოგადოების სწორ რეაქციას და მხარდაჭერას. მადლობა ყველას.
პატივისცემით,
ცისნამი“, – წერს სოციალურ ქსელში ცისნამი საყვარლიშვილი.