"10 წლის წინ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი, ცხადია არ იქნება. ვფიქრობ, აჯობებს..." - დავით გადელია ნინუცა მაყაშვილზე
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ ძალადობის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"თუ კარგად გავაანალიზებთ, ოჯახური ძალადობის ასე სპონტანურად გახსენების დროს- როცა თავდაპირველი განზრახვა არაა სისხლის სამართლის ბრალდების წაყენება- ასეთი დიდი რეაქციის მიცემამ, რაც ამ ცნობილ შემთხვევას მოჰყვა, შეიძლება უფრო ჩაკეტოს და შეაშინოს მსხვერპლი-ადამიანები (ძირითადად ქალები, რა თქმა უნდა).
უმეტეს შემთხვევებში, როდესაც წლების წინ მოძალადის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფებს იხსენებენ, აქვთ მსმენელისგან მორალური მხარდაჭერის სურვილი და იმედი. არანაირ სისხლის სამართლებრივ დასჯას და სამსახურიდან გაგდება- გაშოლტვებს არც გეგმავენ (არც ამ შემთხვევაში იყო ეს სურვილი, რამე თუ არ შეიცვალა)! ასეთი დიდი რეაქცია კი მსხვერპლს ამბის დამალვისკენ უბიძგებს. გამოძიებაც ცუდ დღეში ჩავარდება: 10 წლის წინ
მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი, ცხადია არ იქნება. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ასეთ გამოძიებას?
ვფიქრობ, აჯობებს ასეთ შემთხვევებში დავრჩეთ მორალური რეაქციების ჩარჩოებში და მდგომარეობას თავადვე ნუ მივიყვანთ ჩიხამდე.
ჩემი მორალური მხარდაჭერა ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის მსხვერპლი გამხდარა და კონკრეტულად მაყაშვილსაც- ბევრი ნიშნის მიხედვით დარწმუნებული ვარ მართალს ამბობს, მაგრამ თუ მსხვერპლს თავად არა აქვს მოთხოვნა დანაშაულის გამოძიების (რაიმე მტკიცებულებებით), არ მგონია სწორი საზოგადოების მხრიდან, ასეთი ადმინისტრაციული სახის რეაქციების გამოვლენა", - წერს გადელია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ მეუღლეს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.
საზოგადოებაში მაყაშვილის განცხადებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქალთა უფლებადამცველებმა დღეს აქქცია გამართეს და ზანგურის თეატრიდან გათავისუფლება მოითხოვეს.