თეგებით ძიება

"არ გვაქვს დღეს ენერგოდამოუკიდებლობა. ჩვენი ეკონომიკა ერთ ღილაკზეა დამოკიდებული, რომელიც გალში რუსებს უდევთ ხელი" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს ენერგეტიკაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მზე, ქარი, მთვარე და სხვა მსგავსი ფინანსურად, ტექნიკურად და პოეტურად რთული საკითხები დროებით განზე რომ გადავდოთ, რომელმაც 30-50 წლის შემდეგ შეიძლება ითამაშოს მეტ-ნაკლებად საგრძნობი როლი ქვეყნის ენერგომომარაგებაში, ელემენტარული ამბავია, რომ დენი გვჭირდება დღეს და არც თუ ისე შორეულ მომავალში და ის არ გვექნება, თუ ახლა არ აშენდა რაიმე.

რომ არ აშენდეს, უნდა ვიყიდოთ, ხომ? ამას ვალუტა სჭირდება და ვერავითარი ლარი წარმოქმნილ დეფიციტს ვერ გაუძლებს.
ფული რომ გქონდეს (არ გვექნება საკმარისი, ეს რომ ვიცოდეთ წინასწარ), ვიღაცისგან ხომ უნდა იყიდო? იქნება თუ არა გასაყიდი ახლო-მახლო ესეც საკითხავია და თუ მოგყიდიან, როგორ მიგაბამენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად, კიდე უფრო სხვა საკითხი.

ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრებაო, უაპელაციოდ თქვეს და ეს საკითხიც გულუბრყვილოდ ჩამოწერეს. არ ემუქრება კი არა, არა გვაქვს დღეს ენერგოდამოუკიდებლობა. ჩვენი ეკონომიკა ერთ ღილაკზეა დამოკიდებული, რომელზეც გალში, სოფელ საბერიოში, რუსებს უდევთ ხელი და არ აჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ინტერესებში ჯერ-ჯერობით ეს არ შედის. მუქთად ვამარაგებთ აფხაზეთს და ეს, მილიარდობით ლარის ღირებულების ელექტროენერგია, არის ხარკი, გადახდილი ჩვენი შეუფერხებელი ენერგომომარაგებისათვის.

მარტო ამ დღეებში ენგურზე ვხარჯავთ 35 მილიონ ევროს 15 კილომეტრი სიგრძის გვირაბის მხოლოდ მცირე ნაწილის რემონტისათვის. მხოლოდ ერთი დაზიანებული ფარის აღგენა წლების წინ 45 მილიონი ევრო დაგვიჯდა და კიდევ მრავალი მილიონი ევროსა თუ დოლარის სესხის აღება მოგვიწია და მოგვიწევს, ეს სადგური მწყობრში რომ ყოფილიყო და იყოს სამომავლოდ.

საქართველოს ჩაბნელება ელემენტარული რამ არის. საკმარისია რაღაც მიზეზით ამის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს.
რა უნდა აშენდეს ( ჰიდროსადგურებს ალტერნატივა უახლოეს ათწლეულებში არ ექნება), სად, როგორი და ა.შ. ეს სხვა საკითხია.

ღელეზე რომ მოწყობილობა ჩადგა, ისიც რომ პროტესტის საგანი გახდება, ეს ნდობის ამბავია და ამაში ხელისუფლებაა პირველ რიგში დამნაშავე.

ჩვენი ბორჯომი და მანდარინი გვეყოფა ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვისო რომ ვამბობდით, მთლად ამ დონეზე არა ვართ დღეს, რაღაც ვისწავლეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არა იმდენი, რომ ჩვენი ეკონომიკური აზროვნება შეეცვალა.
ყველა უბედურების სათავე, რაც გვჭირს, ეკონომიკაშია, დანარჩენი ფილოსოფიურ-ემოციური და სადღეგრძელოების მსგავსი მსჯელობაა( მინუს ნიშნით), რომ ეს ქართველების ბუნებაა, რომ ნიჭიერები კი ვართ, მაგრამ ზარმაცები, რომ ვართ გაუტანლები, რომ იმდენი პარტიაა ქვეყანაში, რამდენიც ამბიციური ადამიანი, რომ მიწაზე შრომა ( და ზოგადად შრომა) არ გვიყვარს და ასე შემდეგ. ყველგან ასე ამბობენ, სადაც მშპ ჩვენი ზომისაა. როგორიცაა ბაზისი, ასეთივეა ზედნაშენი.
ისე, დიდად რომ არ შევცვლივართ ამ ოცდაათ წელიწადში, ამას კარგად ვხედავთ. ან როგორ უნდა შევცვლილიყავით როცა მშპ-ც დიდად არ შეცვლილა ამ ოცდაათ წელიწადში?", - წერს გოცირიძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა