გია ხუხაშვილი - კარგია, რომ ჩიხიდან გამოსვლის კონტურები გამოიკვეთა
კარგია, რომ ჩიხიდან გამოსვლის კონტურები გამოიკვეთა, - ასე ეხმაურება ექსპერტი, გია ხუხაშვილი დასავლელი მედიატორების მიერ ქართველი პოლიტიკოსებისთვის შეთავაზებულ წინადადებებს.
"კარგია, რომ ჩიხიდან გამოსვლის კონტურები გამოიკვეთა.
ცუდია, რომ გაჯიქება რომ არა, ამ შედეგის მიღწევა 3-4 თვის წინაც შეიძლებოდა და ეს ქვეყნისთვის დაკარგული დროა.
მე მაინც ვურჩევდი ოპოზიციას, რომ ხელი მოაწეროს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პატიმრების გათავისუფლებას.
უნდა თქვან, რომ ისინი კვლავაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ითვალისწინებენ სახელმწიფო ინტერესებს და იღებენ დე-ფაქტო მოცემულობას.
შესაბამისად:
უარს აცხადებენ საპარლამენტო და სხვა თანამდებობებზე.
აგრეთვე უარს ამბობენ მართლმსაჯულების და სხვა სისტემების რეფორმებზე, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებლად მიაჩნიათ.
ამით ხაზი გაესმება იმას, რომ ისინი ამ ნაბიჯს დგამენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ კრიზისი გადალახულია. უბრალოდ იცვლება კრიზისის ფორმატი", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ამ საღამოს დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი შესთავაზეს.