უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდა
უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„ეს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 15 აპრილს შემდგარი სატელეფონო საუბრისას მიღწეული შეთანხმების შედეგია“, - აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ელჩი კიევში 21 აპრილს ჩავიდა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, გაააქტიურონ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება. ვასილი ბოდნარმა საქართველოს ელჩს ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის ირგვლივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე.
„თეიმურაზ შარაშენიძემ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
2020 წლის 7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.