"ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიან პერიოდში რუსეთის სასარგებლოდ არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია - მაკა ბოჭორიშვილი
"ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ, მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სურვილი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიან პერიოდში რუსეთის სასარგებლოდ არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებას ეხება. ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონი გვაქვს, ჯერ კიდევ სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური. ეს ძალიან რეალურია და ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ბევრ საკითხს, რათა არ შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება, ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას.
მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის ღია ჭრილობა ქართული საზოგადოებისთვის.
მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების შენარჩუნების მტკიცე სურვილი.
„ქართული ოცნების“ მთავრობა უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია, და რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.