ალეკო ელისაშვილი: შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი
„ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ და ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია.
„მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ. პროცესში მთელი მსოფლიოა ჩარეული და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს, ბენზინის ფასი რა გახდა? - ეს მათ შორის კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე. გაღატაკდა და გაუბედურდა ეს ქვეყანა. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი", - განაცხადა ელისაშვილმა.
„მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ არასერიოზულია საუბარი იმაზე, ამნისტია კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა.
„დაახლოებით ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ჭიქაში ქარიშხალს რომ ეძახიან. ჯერ დაწერილი არავის არაფერი გვინახავს და უკვე მთელი ამბავი ატეხეს. მოდით, ჯერ შავით თეთრზე დაწერილი რამე ვნახოთ. რა წერია, ვის ეხება, ვის არ ეხება. ზოგადად, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა. ეს არ არის შეწყალება, რომ კონკრეტული ადამიანი იგულისხმებოდეს. შეწყალებისგან განსხვავებით ამნისტიაში იწერება მუხლები. შესაბამისად, იქ ვერაფრით ვერ იქნება ეს პოლიციელი თუ ის პოლიციელი. თუ მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, იმ სამართალდამცველების ამნისტია შესაძლებელია. ამ ისტორიის თავი და თავი რა არის - შეთანხმებაში იდო ნიკა მელიას გათავისუფლების ორი მექანიზმი. არ მესმის, რომ როცა ევროკავშირი მზადაა შენს ნაცვლად გირაო გადაიხადოს და ამას ხელს კრავ და უარს ეუბნები, ეს არის აუხსნელი და ეს რომ გააკეთოს მელიამ, ამნისტიაც აღარ იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა.