ალეკო ელისაშვილი: ვამბობდით, ნუ ცანცარებთ-თქო
ალეკო ელისაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძისთვის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის მანდატების არშეჩერების შესახებ საქმის განხილვას ეხმაურება.
„მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მანდატის გაუქმების თაობაზე ხელმოწერების გაკეთება და პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ურთიერთგამომრიცხავი იყო და აღნიშნავს, რომ ამ პოზიციის დაფიქსირების გამო მისი პარტია „სიძულვილსა და ზიზღს“ იღებდა.
„ვამბობდით, რომ თუ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, თეორიულად შესაძლებლობა არსებობს, რომ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში შემოხვიდეთ-თქო. ხომ ზუსტად ასე მოხდა? ვამბობდით, ვინც მანდატებზე უარს ამბობდა და სიებს ხსნიდა, უხერხულში ჩავარდებოდა. ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ელენე ხოშტარიას არ უთქვამს. როგორი წინააღმდეგობრივი ვითარებაა - ერთი მხრივ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მზად არიან იმუშაონ როგორც დეპუტატებმა და მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, რომ მანდატი შეუჩერდეთ. ძალიან უცნაური სიტუაციაა. ჩვენ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ-თქო და ეს არის ცანცარის შედეგი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სამი დეპუტატის სარჩელი წარმოებაში მიიღო.