შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობოებს ხვდებიან
შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს სამომავლო გზა" ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მხარეებმა უნდა განიხილონ, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულება.
„ეს კომპლექსური დოკუმენტია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და სამოქალაქო სექტორს აქვს ძალიან დიდი როლი ამ დოკუმენტის ხელმოწერაში. განსაკუთრებით, შემიძლია, აღვნიშნო სასამართლოს რეფორმის მიმართულება, მართლმსაჯულება, ასევე საარჩევნო რეფორმა, ასევე სხვა საკითხები, რომელიც აქ არის და ყველა ამ თემაზე მათთან ერთად ვიმუშავებთ, რადგან ემოციურ საუბრებს სჯობს, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და ამ ყველაფრის იმპლემენტაცია უნდა და დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო სექტორი ჩართული იქნება აქტიურად და მათთან ერთად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ.
ამნისტიაზეც ვიმსჯელებთ. ჩემი პოზიცია მგონი ყველასთვის ნათელია, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ამნისტიასთან დაკავშირებით არ არის მართებული და ვემიჯნები ამას, მე, როგორც ამ დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, ვიღებ პასუხისმგებლობას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ვაპირებთ, რომ მივიღოთ ამნისტიის კანონი, რათა ნიკა მელია გათავისუფლდეს და პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ყველას ვთხოვ, ემოციები დავიწყნაროთ. სულ რაღაც ორ დღეში იქნება პირველადი დოკუმენტი ამნისტიის კანონის, ყველაზე გვიან სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს ჩვენი შეთანხმებული განრიგის მიხედვით და ყველა ნახავს, რომ საკმაოდ ნორმალური შეთანხმებაა ამნისტიის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყების წინ.