იაგო ხვიჩია: ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე მეტი ნერვიულობა მგონი არ მევალება, ბევრი ვინერვიულე
„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის თაობაზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არ სურს ციხეში მყოფი ადამიანი გააკრიტიკოს და ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრებს, როცა მელია ციხეს დატოვებს.
„მე არც ამ კანონპროექტის ინიციატორი ვარ, არც გამწვევი და ჯერ საერთოდ არც კი მინახავს ტექსტი, ისევე როგორც ბატონ ნიკა მელიას. მე გადავწყვიტე, რომ სანამ ბატონი ნიკა არის ციხეში და თან ვიცით, რომ მალე გათავისუფლდება, ამიტომ სანამ ეს არ მოხდება, მე გადავწყვიტე, რომ არ მივაქციო საერთოდ ყურადღება ამ მიმართულებით პროცესებს, რადგან ნებისმიერი ასეთი განცხადება ამწვავებს ამ ამბავს. მე კიდევ არ მინდა კრიტიკა ადამიანის, რომელიც ციხეში ზის, რომ გამოვა, მერე გვექნება ამაზე საუბრის საშუალება. რაღაცით დამთავრდება ეს ისტორია, ან ასე ან ისე, მე უბრალოდ, დიდი ხანია ვერ ვიგებ ამ ისტორიაში ვის რა უნდა, ამიტომ გადავწყვიტე, ვკონცენტრირდე იმაზე, რაც პარლამენტში ხდება, ტექნიკურად გავერკვე და დავხვდე მომზადებული იმ პროცესებს, როცა ჩემი კოლეგები სრულად იქნებიან პარლამენტის დარბაზში.
მე ჩემს კოლეგებზე ოპოზიციიდან მეტი ნერვიულობა მგონი არ მევალება, ბევრი ვინერვიულე, ყველაფერი გავაკეთე, დერეფანშიც ველოდებოდი, რომ ესენი შემოსულიყვნენ, ხელი მოაწერეს რაღაცას და გაჩნდა შანსი ამ ქვეყნის შერიგების და გაერთიანების, მე ამ შანსს არ ვაფუჭებ, სულ ამისკენ ვარ მიდრეკილი, ამის მიუხედავად, თუ ადამიანებს არა შერიგება, არამედ კონფლიქტი უნდათ, მე გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემ მიღმა აკეთონ, რაც უნდათ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.