შალვა პაპუაშვილი: 20 ივნისის მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა შეფასება აქვს
"ვინაიდან ამნისტიის შესახებ კანონი შეთანხმების შემადგენელი ნაწილია, სასურველია, რომ ერთობლივად ინიცირებული ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. ვნახოთ, რა სახის პროექტი შეიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ან ვერ ვთანხმდებით ან შეიძლება ჩვენი ოპონენტები რასაც ფიქრობენ, საჯაროდ ვერ ამბობენ. მთავარი გამყოფი ხაზი ანუ მთავარი სხვაობა არის იმაში, როგორ ვხედავთ ამ ამნისტიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, 20 ივნისის მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა შეფასება აქვს.
„ეს სხვადასხვა შეფასება ხდება ამ ჯგუფებს შორის კონფლიქტის, პოლარიზაციის მიზეზი, რაც საბოლოო ჯამში პოლარიზაციის სხვა დონეებზე გადადის. ამიტომაც მედიატორის შემოთავაზება სწორედ ეს იყო, რომ მოდი, 20 ივნისის ეს გვერდი გადაფურცლეთ და გაიხედეთ წინ და სწორედ ამისთვის ინსტრუმენტად შემოგვთავაზა ამნისტია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.