ვლადიმერ ბოჟაძე: ახლა ნიკა მელიას ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ციხეში
"დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის წნეხი გაძლიერდება, ნიკა მელია გამოვა გირაოთი, მიღებული იქნება ამნისტიის აქტიც და შესრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებიც. „ნაცმოძრაობა“ აღმოჩნდება პარლამენტში და, თუ საზოგადოების განწყობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, 2024 წლამდე პარლამენტში მას ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქცია ექნება", - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნიკა მელიას ადვოკატებმა თქვეს, რომ ნიკა მელია გირაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ უკან იქნება გაწვეული ამნისტია, მე მაინც ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მოუწევს ამნისტიამდე გამოსვლა. ამისკენ მოუწოდებს მას მთელი დასავლური სამყარო, ვინაიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა „ნაცმოძრაობა“ დარჩა საკუთარი ამომრჩევლებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მარტო. ახლა ნიკა მელიას ამოცანაა, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ციხეში, რათა მისი იქ ყოფნა პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად აქტუალური იყოს და არ შედგეს ამნისტია, რათა მას არ მოუწიოს ციხიდან როგორც სავარაუდო, მაგრამ შეწყალებულ დამნაშავეს გამოსვლა. ეს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ გეგმებში არ შედის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის წნეხი გაძლიერდება, ნიკა მელია გამოვა გირაოთი, მიღებული იქნება ამნისტიის აქტიც და შესრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებიც. „ნაცმოძრაობა“ აღმოჩნდება პარლამენტში და, თუ საზოგადოების განწყობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, 2024 წლამდე პარლამენტში მას ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ფრაქცია ექნება“, - განაცხადა ბოჟაძემ.