ოთარ ანგურიძე: ვაქცინაციის კვალდაკვალ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო თვეებშიც ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად მოახდენს აღდგენას
„საქართველოს ეკონომიკამ 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო პოზიტიური ტენდენციები და მარტის თვეში წინასწარი მონაცემებით ეკონომიკურ ზრდამ 4% შეადგინა. მაშინ როდესაც პანდემიის მართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაშია და მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათიც. აღსანიშნავია, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია არათუ მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, როცა კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირველი ეტაპი ამოქმედდა, არამედ 2019 წლის მარტის თვის მაჩვენებელსაც აღემატება,“ - ასე შეაფასა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ქვეყნის 2021 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
ექსპერტის განცხადებით, ცალსახაა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც მარტის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა 21,5%-ით, ხოლო ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა გაიზარდა 18%-ით.
ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდა ისეთ სექტორებში, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები ტურიზმის სექტორთან, როგორიცაა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; ტრანსპორტი. ასევე, ზრდა ფიქსირდება: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; საბითუმო და საცალო ვაჭრობა; დამმუშავებელი მრეწველობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; წყალმომარაგება და სხვა.
„ეკონომიკური პოზიტიური ზრდის მაჩვენებლის ფორმირებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა მთავრობისა და კერძო ბიზნესის კოორდინირებულმა მუშაობამ. როდესაც ბიზნესი ახერხებს ფუნქციონირებას შეზღუდვების პარალელურად. ვაქცინაციის კვალდაკვალ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მომდევნო თვეებშიც ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად მოახდენს აღდგენას და ამ თვალსაზრისით რეგიონში გახდება მოწინავე ქვეყანა,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.